top of page
Writer's pictureTekla Iordanishvili

სპილენძნარევი ფოთლების ხმაური

ერთი უცნაური ჩვევა მაქვს ბავშვობიდან - იმ სახლში სადაც ვიწყებ ცხოვრებას, ვიცი ერთი რომელიმე სკამის აჩემება, საღამოობით ფანჯარასთან დადგმა და გარემოს თვალიერება. თუ ეს ფანჯარა ხალხმრავალ ქუჩას უყურებს, ხომ საერთოდ მეკარგება დროის შეგრძნება. საათობით შემიძლია ასე ყოფნა. არ მიცდია, თუმცა, დარწმუნებული ვარ მთელი ღამითაც ვიჯდები მშვიდად, დიდი ჩაისა ან რძიანი ყავის ჭიქით ხელში და თვალით უამრავ კადრს გადავუღებ ფოტოს, დავასკანერებ და შემდეგ მოვათავსებ ტვინის რომელიმე ფოლდერში. არ ვიცი რად მინდა, უბრალოდ მამახსოვრდება.

რა უცნაურია, იცით? ფანჯარასთან ჯდომის დროს დამახსოვრებული კადრები შეიძლება 2-3 დღით გამყვეს და აბსოლუტურად უდროო დროს ამომიტივტივდეს თავში. წარმოსახვით ვიგრძნო მურაბიანი ჩაის გემო, ან რძიანი ყავის სურნელი... პარფიუმის მკვეთრი არომატი. ხშირად შემიძლია გავიგო სადღაც, გონებაში ჩარჩენილი სიცილიც კი. სად იკვეთება ხაზი რეალურსა და არარეალურ სამყაროს შორის? იქნებ არც არსებობს ეს ხაზი და ჩვენ, ადამიანებმა უბრალოდ ამ ორი მდგომარეობის რაღაცნაირი გარჩევა ვისწავლეთ? ან ... ვისწავლეთ, რო?

მერე დანახული ისტორიების ჩემებურ სცენარს ვძერწავ, ჩემთვის, ისე... უბრალოდ. ვაკვირდები შელახულ ფეხსაცმლიან ბებოებს, ზამთარში საკმაოდ თხლად რომ აცვიათ და წარმოვიდგენ, როგორ სახლებში ცხოვრობენ, როგორი გარემო აქვთ, სითბო ხომ არ აკლიათ. ვბრაზდები მათ შვილებზე და არ მესმის, რატომ არ უვლიან სათანადოდ მოხუცებს. ჰყავთ რო შვილები? ვუყურებ მოსეირნე წყვილებს და მინდა, ამოვხსნა მათი სიყვარულის ისტორიები, ნეტა, ნამდვილად თუ უყვართ ერთმანეთი... თუ კი, როგორ უყვართ...

ყველა მომღიმარ გოგონას მინდა ხელი დავუქნიო და ვუთხრა, რა მაგარია, რომ დაღლილობის მიუხედავად, კარგ ხასიათზე ბრუნდება საღამოს სახლში. ყველა ბიჭს კი ვინც „პრადო“, „ჯი ელ“- იდან თუ „პორშე"-დან (ეს პორშე რაღაც ძალიან ავიჩემე:) სიგარეტის ნამწვავს „უპრაგონოდ“ ისვრის მეეზოვეეთა მისამართით, ან პროდუქტებით სავსე ცელოფნებით დატვირთულ ქალებს გზას არ უთმობს, იმიტომ რომ „ეჩქარება", მინდა წინა ბამპერზე გავუქანო რამე მძიმე საგანი და სათითაოდ მოვაყოლო ყველა თითი საკუთარი მანქანის კარში. ყველა იმ კაცს კი ვინც ბავშვს ბანს, აჭმევს და აძინებს იმიტომ, რომ მის მეორე ნახევარს დედისთვის არსებული ტრილიარდი საქმე შეუმსუბუქოს, მინდა ვუთხრა, რომ ის აუცილებლად სამოთხეში მოხვდება. ცოტახნით ვწყვეტ ფიქრს და ისევ რეალურ სამყაროს ვუბრუნდები. გუშინდელზე ბევრად ძლიერად უბერავს ქარი და ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე კონსერვის ქილების მსგავსი ხმით დაახრიალებს ხის გამხმარ, თითქოს სპლენძნარევ ფოთლებს.

მიყვარს ეს ქალაქი და აქაური ქარიანი, ოდნავ არეულ-დარეული, რეალური და ზოგჯერ არარეალური ისტორიებიც. მიყვარს იმაზე ფიქრი, რომ ყველა ადამიანს, ვისაც კი ქუჩაში ვხედავთ, თავისი უნიკალური და დაუჯერებელი ისტორია აქვს. თქვენ არა?! - მგონი არ ვცდები, სწორედ რომ კიდევ ერთი, ჟოლოს მურაბიანი ჩაის დალევის დროა!

743 views0 comments

Recent Posts

See All

32 +

Commenti


bottom of page