იქნებ დღეს ეს ყველაფერი ზუსტად იმიტომ ხდება, რომ დავფიქრდეთ, ჩვენს "მე"-სთან პირისპირ დავრჩეთ და მოვუსმინოთ საკუთარ შინაგან სამყაროს. ჩვენს თავებს ვკითხოთ - რა გვინდა, ან რას ვაკეთებთ იმისთვის, რაც გვინდა. იქნებ, უბრალოდ ანალიზის პერიოდია? მიმდინარე მოვლენების შეჯამებისა და სამომავლო მიზნების მისაღწევად სტრატეგიების დასახვის? წიგნების კითხვის, ფილმის ყურების... იქნებ, დროა, ღრმად ვისუნთქოთ? ბოლოს როდის ვისუნთქე ღრმად, არ მახსოვს. არც ის მახსოვს, გადარბენის გარეშე როგორია ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე. იმ სისწრაფით ვასრულებ ჩემს 12 საათიან To do list-ს რომ ხანდახან მავიწყდება უკვე შესრულებული საქმე ნამდვილად გავაკეთე, თუ არა. ავტოპილოტზე ვართ, მექანიკური ინერციით მივქრივართ ისე, რომ ხანდახან საუზმეზე სწრაფად დალეული ყავის არომატსაც კი ვერ ვგრძნობთ. ნორმალურია ეს ტემპი? - ალბათ არა. შეიძლება ამის გარეშე თავი დააღწიო ყოველდღიურ რუტინას? ალბათ, არც ესაა რეალური, მაგრამ აი, ხომ დადგა პერიოდი, როდესაც საკუთარ თავთან განმარტოებისთვის დასაშვებზე მეტი დრო გვაქვს - ჰოდა, იქნებ, დადებითი კუთხით ვიფიქროთ?! გადავარჩევ წიგნების ძველ კარადას, ძველ ფოტოებსა და დღიურებს, ცოტახნით ვიმოგზაურებ წარსულში. გავიხსენებ 90-იან წლებს, ვიცინებ ჩემი ჩაცმის სტილსა და იმ დროინდელ ნივთებზე. გავიხსენებ ყველა ჩემს მეგობარს, ვისაც ამ ვიზუალით მოვწონდი (დღემდე ვერ გამიგია, რატომ მოვწონდი! მაგრამ მაშინ სხვა ალტერნატივაც არ იყო, გვეცვა ის, რაც გვეცვა:) უხ, ღმერთო, რამდენ ემოციასა და შეგრძნებას ვიტევთ ადამიანები. რამდენნაირი გრძნობა გვქონია ცხოვრების მანძილზე - ზოგი მარტივი ზოგი რთული, ზოგიც ისეთი, არასოდეს რომ დაგავიწყებს თავს. და მაინც მგონია, რომ დღევანდელობით უნდა ვიცხოვროთ, მხოლოდ ერთი დღით. გავაკეთოთ ყველაფერი, რაც დღეს გვინდა, დღეს მოესწრება, ვთქვათ რაც დღესვეა სათქმელი. აღარ გადავდოთ, არაფრის თქმა აღარ გადავდოთ. და ხვალ როცა გათენდება, ყველაფერი ისევ ჩვეულ რეჟიმში ჩადგება და ჩვენ ისევ სტანდარტულ რუტინაში ჩავეშვებით, გაგვახსენდება, რომ ცოტა ხნის წინ გვქონდა დრო, ჩვენს თავთან სასაუბრო დრო, ყველაფრის გადაფასების პერიოდი. რამდენიმე საათის ერთობლიობა, როცა აანალიზებ, როგორი ძვირფასია ცხოვრება და რომ ადამიანები ძალიან, ძალიან მადლიერები უნდა ვიყოთ ამ უდიდესი საჩუქრისთვის.
top of page
bottom of page
Comments