არ ვიცი, რამდენი ხანი უნდა მეძინოს და როგორ უნდა დაისვენოს ჩემმა ორგანიზმმა, რომ თვალის ქვეშ არ მქონდეს ქრონიკული დაღლილობის დასტური - კაკაოსფერი წრეები. გაზაფხულია და თმის სეზონური ცვენაც დამეწყო. მოკლედ, კორონასთან ერთად, ამ ბოლო დროს, ბევრი საფიქრალი გამიჩნდა.
თუ აქამდე ნორმალური ცხოვრებით ვცხოვრობდი და „21 საუკუნის გოგოსთვის“ დამახასიათებელი სხეულისა და სახის მოვლის ყველანაირ მატრაკვეცობაში ახალი ლექსუსის თანხას ვისროდი, ამჯერად, მივხვდი, რომ მორჩა - ოქროს მარაგი მელევა. ამიტომ სხვა ხერხს მივმართე. დავფიქრდი, რა მოხდება, რამე ბუნებისგან ბოძებული მზა პროდუქტი რომ გამოვიყენო და ასე გავირთო სახლში გამოკეტვის ჟამს თავი.
დედაჩემი გიჟდება მცენარეებზე. არ დამეზარა და დავთვალე - ზუსტად 18 ცალი ყვავილის მოზრდილი ქოთანი აქვს სახლში. აქედან ერთი, უზარმაზარი - ალოეა. პერიოდულად, როდესაც ქალაქიდან გადის მაიძულებს ამ „ამაზონის ტყეს“ მე მოვუარო და მხოლოდ წყალი კი არ დავუსხა, (ისიც ნადგომი და არა ცივი) არამედ, ყველა მათგანის ფოთლებიც გავწმინდო სველი მარლით. ალოეს გასუფთავება მაინც გასაკუთრებულად რთულია. ვარდივით ეკლიანია და რამდენჯერაც წმენდ, იმდენჯერ გკაწრავს. მოკლედ, ყვავილებს კი ვუვლიდი, მაგრამ მერე მე დავდიოდი ბეტადინის დაუზოგავი დოზის მიღების შემდეგ ყავისფერი მაჯით. აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ „კაპას“ მცენარეს ჯადოსნური თვისებები აქვს. აქამდე ალოეს მხოლოდ დამწვრობისას ვიყენებდი, კანის დასამშვიდებლად და აღსადგენად. თუმცა, გავარკვიე, რომ თუ 1 სუფრის კოვზ ალოეს წვენს შეურევთ 1 სუფრის კოვზ თაფლს და აღნიშნულ ნიღაბს 40 წუთი გაიჩერებთ თმაზე კვირაში 2-ჯერ, თმის ცვენის შემცირებას პირველივე კვირას შეამჩნევთ.
თვალის ქვეშ მუქი რკალებისგან თავის დასაღწევად კი თურმე, ჩვეულებრივი ნუშის ზეთი არაჩვეულებრივი გამოსავალია. მისი გამოყენებაც უმარტივესი აღმოჩნდა: ძილის წინ ზეთის მცირე ოდენობა თვალის ქვედა არეზე დაიტანეთ და ნაზად შეიზილეთ - სულ ეს არის.
მე არ ვიცი, კარანტინის შემდეგ რა მოხდება, თუმცა ერთ რამეში დავრწმუნდი: ამ ტემპებით თუ გავაგრძელე თავის მოვლის ათასი საშუალების დატესტვა, ყველაფერი რომ დასრულდება, ალბათ, „მის პლანეტაზე“ გავალ და აუცილებლად გავიმარჯვებ.
Comments