მენატრება ხმაური.
ხმამაღალი მუსიკა და ღამის ქალაქში ფეხით სიარული.
აეროპორტები მენატრება.
დუტი ფრის სუნამოებისა და მილიონ დოლარად შეფასებული ნივთების თვალიერება „ვაუ“ ბიჟუტერიის მაღაზიებში, ვიტრინიდან არნახული სიბრჭყვიალით რომ გჭრიან თვალს.
მენატრება ფრენებს შორის უსასრულო შუალედები და არეული სახე, გამოძინების გარდა ნაკვთებს სხვა ვერაფერი რომ ვერ გილაგებს.
პატარა და დიდი კაფეები მენატრება, ისეთიც და ასეთიც. გაპრანჭულიც და მყუდროც. ყავის უცხო და ნაცნობი არომატებით. მუსკატის, დარიჩინისა და ვანილის სურნელი კაფის ზღურბლთან. უცნაური გემოები. სხვანაირი მუსიკა. მრავალი ემოციის მატარებელი.
სასტუმროს რესტორნები და ამოჩემებული ადგილები - ფანჯარასთან. საუზმეზე სტუმრების თვალიერება. გრილი საღამოები და ცოტა ალკოჰოლი ღია ვერანდებზე. ან ბევრი ალკოჰოლი და ცოტა ცეკვა დახურულ ვერანდებზე.
ღიმილი.
ერთი. ორი. სამი.
ისევ ღიმილი.
გარუჯული სხეული. მოკლე კაბები.
ან მოხსნილი ზურგით, გრძელი კაბები.
ერთი. ორი. სამი.
ისევ ტეკილა.
ოთხი, ხუთი, ექვსი - ბევრი ზეთისხილი და ბევრი ლიმონი.
ისევ ტეკილა.
სიცხისგან აწეული თმა და ხმამაღალი სიცილი.
ბედნიერი სიცილი.
მენატრება ჩახუტება.
ყველაზე მეტად, ეგ მენატრება.
ენერგიის ჩახუტებით გაცვლა.
მხოლოდ საუბრით ვერ გამოვხატავ ემოციას,
შეხება ძალიან აუცილებელია ჩემთვის.
ალბათ, ყველასთვის...
შეხებას მეხსიერება აქვს, მაგრამ აფდეითს მაინც საჭიროებს,
მე ასე მგონია :)
გილოცავთ დამდეგ ძველით ახალ წელს და მალე ამ ყველა მონატრების ორმაგად ანაზღაურებას გისურვებთ. მე, პირადად, ჩახუტებით დავიწყებდი, ან ხმაურიან კაფეში ტეკილით... მაგრამ, ალბათ, ხმაურიან კაფეში ტეკილა და ჩახუტება ერთად საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა.
ხო, მართლა, პასპორტი მაინც წამოიღე, არ ვარ დარწმუნებული, რომ ადგილი სადაც ვერთობით, დღეს ჩვენი საბოლოო ლოკაცია იქნება.
Comments