მე, პირადად, არასოდეს ვუსმენდი ჯენიფერ ლოპესს. ერთადერთი თვისება, რის გამოც ამ ქალს უდიდეს პატივს ვცემდი იყო ის, რომ რაც თავი მახსოვს, სულ ვარჯიშობდა.
შედეგმაც არ დააყოვნა და ამ დაუჯერებელი, 50 წლის ასაკში, იმაზე კარგად გამოიყურება, ვიდრე 30 წლის თბილისელი, ან თუნდაც არათბილისელი გოგონა.
მინდა გითხრათ, რომ ვარჯიშის მიღმა ამ ქალმა ასევე ჯადოსნური ბალანსი დაიჭირა ბოტოქსთან თამაშის დროსაც. საერთოდ რაიმე თუ აქვს გაკეთებული სახეზე, არ ეტყობა. კანის შეცვლილ სტრუქტურას ვერ შეატყობთ ვერც ხელებსა და ყელზე - ადგილებზე, რომლებიც უტყუარად ასახავენ ჩვენს ასაკს. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ რაც არ უნდა ბევრი ვისაუბრო სწორ კვებაზე, ცხადია, რომ სხეულის ფორმისა თუ სტრუქტურის შესანარჩუნებლად მხოლოდ კვება ვერ გვიშველის - ფიზიკური აქტივობა გარდაუვალია. დიახ, ეს დამატებითი ხარჯია, მაგრამ ნახეთ, რა მოხდება, თუ ივარჯიშებთ: მოიშორებთ ზედმეტ კილოგრამებს; შეამცირებთ ორგანიზმში ცხიმის პროცენტულობას, რისი მოჭარბებაც უთვალავ პრობლემას იწვევს ნებისმიერ ასაკში; შეგეცვლებათ სხეულის ყველა გარშემოწერილობა (პირველივე თვეს); სარკის წინ თამამად გაიხდით, საკუთარი სხეულის თვალიერება ახალ გატაცებად გექცევათ და აღარ გამოიცვლით კედლისკენ შებრუნებით უხერხულად მდგომი; ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ არასოდეს დაბერდებით - 50 წლის ასაკში ყველანი იქნებით "ჯენიფერ ლოპესები". მე დიდი ხანია მივხვდი, რომ ეს ყველაფერი საკუთარი თავისთვის უნდა აკეთო, ვარჯიში კი სიბერის დამარცხების ერთადერთი მეთოდია. ჯენიფერზე არასოდეს ვგიჟდებოდი-თქო კი ვამბობ, მაგრამ მგონი ახლა მომაჯადოვა - ყოველდღე ვათვალიერებ მის სხეულსა და მოვლილ სახეს. ვთვლი, ამ ასაკში ყველაზე ლამაზად გამოიყურება, ვიდრე ოდესმე და ეს იმიტომ, რომ ის განუწყვეტლივ ვარჯიშობდა და ქართველებივით, "ორშაბათისთვის" არასოდეს უცდია.
Comentários