ასაკის აღქმა ყველას სხვადასხვანაირი აქვს. მე არასოდეს მიფიქრია ამ თემაზე სერიოზულად. შესაბამისად, ჩემთვის ასაკის მატება არასოდეს ყოფილა რთულად აღსაქმელი და მტკივნეული. მაშინ, როდესაც ჩემი ნაცნობები, გარკვეული დროის შემდეგ, მშვიდად აქრობენ ფეისბუქიდან დაბადების წლებს და მხოლოდ დღეებს ტოვებენ - მეუცნაურება. ზოგი საერთოდ უხერხულობისგან წითლდება, როდესაც ამ თემას ვეხები. მე კი გულწრფელად მეცინება ვერ ვხვდები, რისი ეშინიათ… საკუთარ თავში რწმენის ნაკლებობის ბრალია ეს, თუ რეალურად, ასაკის მატების ფობია?
სულ იმ აზრზე ვიყავი, რომ დროსთან და გამოცდილებასთან ერთად, ადამიანი სრულ ჰარმონიაში მოდის საკუთარ თავთან. მაგალითად, მე რომ მკითხოთ, რა მისწრაფებები, ან რა სურვილები მქონდა 25 წლის ასაკში, თუნდაც 29 წლისას - გამორჩეულს ვერაფერს გეტყვით. რას ვფიქრობდი, ან რას ვგეგმავდი.. რა მინდოდა, ან რა მეგონა, რომ მინდოდა…
ჩემი აზროვნება, შეხედულება და დამოკიდებულებები ამ დროის მანძილზე რამდენჯერმე კარგად აინჯღრა და დაიწურა. 32 წლის შემდეგ კი ამ შეხედულებებმა ფორმა შეიცვალეს, იატაკზე ბრტყლად გაშლილი ოვალიდან - ყინულის ლოლოს ფორმად გარდაიქმნენ. მერე საწურში წვეთ-წვეთად გადაიღვარნენ და კიდევ ერთხელ გაიფილტრნენ. დაახლოებით ისე, როგორც ამღვრეული წყალი რამდენიმე წუთიანი დინების შემდეგ იწმინდება. ზუსტად ისე, როგორც ზანტად შორდება ზღვაზე ჩაკირული ოქროსფერი ქვიშა მზეზე შემშრალ მარილიან ტანსაცმელს და მე მივხვდი, რომ ისე, როგორც არასდროს მესმის ჩემი შინაგანი სამყაროსი. ზუსტად ვიცი, როგორი ვარ, რა მიყვარს და რა არ მიყვარს. სხეულის როგორი ფორმა მეტად მიხდება, რომ პლასტელინივით, კიდევ უფრო სწორად გამოვიძერწო. დავიჯერე, რომ მაშინ, როდესაც მეტალიც კი ცვდება, საკუთარი თავის დანდობა ყველაზე მნიშვნელოვანია. დავრწმუნდი, რომ გამოძინების გარეშე, სახის ნაკვთებს ვერაფრით დაილაგებ და რომ სრულფასოვანი დასვენება, თუნდაც რამდენიმე დღით, ისევ საკუთარ თავს წაადგება - მილიონი სხვა საქმის კეთებაში.
მაშინ როდესაც მთელი ცხოვრება მეგონა, შავგვრემანი ბიჭები მომწონდა, 32+ წელს ვხვდები, რომ ეს გამოგონილი სტერეოტიპი უბრალოდ ჩემი ბავშვობის კარამელიზებური ბოდვაა და მე კაცი მხოლოდ ტვინით და მაღალი IQ- თი მიზიდავს.
თუმცა, არის კონკრეტული საკითხები, სადაც 32 წლის შემდეგაც ადრინდელ აზრზე ვრჩები. მაგალითად, - ის ფაქტი, რომ ჯენიფერ ლოპესმა, წარმოუდგენლად მოვლილი სხეულის შენარჩუნების მიუხედავად, ვერასოდეს დაიხვეწა გემოვნება და ვერ მოიშორა პუერტო-რიკოსთვის ერთობ დამახასიათებელი, ეიფელის კოშკის სიმაღლე „პლატფორმები“. ან რა უნდა დაეხვეწა, რაც არასოდეს ჰქონია.
ის, რომ ზედმეტი სილიკონის ყველგან შეშხაპუნება სასაცილო უფროა, ვიდრე ლამაზი.
ის, რომ „უინტელექტო სიცილი“ არსებობს და მას ვერც ერთი პლასტიკური ქირურგი ვერ მოგაშორებს.
ის, რომ პიროვნული განვითარება, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველაფერი სხვა ამ ცხოვრებაში.
ის, რომ თუ არ გრძნობ თავს კომფორტულად - ნებისმიერი სიტუაციიდან უნდა გამოხვიდე. მსგავსი გარემო რომ დატოვო, ამისთვის საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებული და პიროვნულად შემდგარი უნდა იყო.
ისევ ვთვლი, რომ მხოლოდ ერთი ცხოვრება მოგვეცა და მისი უაზროდ გაფანტვა - დანაშაულია.
ისევ მგონია, რომ დაბადების თარიღზე, წლიდან- წლამდე მომატებული ციფრები, არის უბრალოდ ციფრები და მათი მხოლოდ ჩვენეული აღქმა. ბოლოს და ბოლოს თუ ჯენიფერ ლოპესს, თავისი „ეიფელებით“ შეუძლია შეინარჩუნოს სხეული და ეს სახე 52 წლამდე, მე თუ მკითხავთ - იდეალურად, რატომ გგონიათ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ?! მოინდომეთ და არ გამოგივიდათ? - ჰოდა, მოინდომეთ!
და მაინც, ვერ გამიგია, რა დარჩენია ამ ოქსფორდელ, განათლებულ, ინტელექტუალურ და კრეატიულ , 50 წლის ბენ აფლეკს პუერტო-რიკოს ქუჩებში? რა ვერ გაფილტრა და გადააფასა?!
ჩემთვის დღემდე 8 უცნობიან განტოლებად რჩება, თუ როგორ ალაგებენ ურთიერთობას ერუდირებული მამაკაცები დაბალი ინტელექტის მქონე ქალებთან. სულ ვფიქრობ, რაზე ესაუბრებიან, ან თუ არ ესაუბრებიან, როგორაა შემდგარი მათი თანაცხოვრება?
ეჰ, სან-ხუანიდან ოქსფორდამდე ისეთივე შორია, როგორც ჩემგან - ხორცისფერ კოლგოტამდე.
ბალზაკის ასაკში, კიდევ ერთს ნამდვილად ვისურვებდი, რომ კაცებს გოიმისა და ღირსეული ქალის ერთმანეთისგან გარჩევა საბოლოოდ ესწავლოთ :)
ღმერთო ჩემო, ნუთუ, მართლა არ შეიძლება?!
Comments