top of page
Writer's pictureTekla Iordanishvili

აი, ია - ანუ, რით გაგახაროთ?

Updated: Jan 5, 2020

მე და ჩემს შვილს ახალ უბანში "მინი დუბაი" დაგვხვდა და ერთბაშად Met GALA-სიტუაციაში მოვხვდით. პიჯაკები და ქუსლები, დიპლომატიური მისიები, ხელში აიპადებითა და ყურში ბლუთუზებით... შენობები შთამბეჭდავია - მაღალი და გაპრანჭული, ახლადაშენებული. კერძო ვილები ზოგან საუცხოო დიზაინით გხვდება, ზოგან კი სიტუაციიდან ამოვარდნილი, თალაგვა კოლონკელიძის სასახლის მსგავსი თვალუწვდენელი გალავნით - კარზე ჩუქურთმით, ჩუქურთმაზე მშვილდ-ისრიანი ამურით, ამურზე კამერებით, კამერებზე გისოსით, მოკლედ, სიგიჟე!

ამ უბნის საცურაო აუზზეც, მომხმარებელთა 90 პროცენტი ნაღები და ბომონდი საზოგადოებაა. პორშე კაიანებით, შავი პრადოებითა და X 6 - ებით გადაძეძგილ პარკინგზე არნახული გრაციით ვაყენებ ჩემს 2000 წლის ვერცხლისფერ ტოიოტას და ასევე არნახული სინარნარით შევდივარ შენობაში. ბოლო პერიოდია, ერთი მშობელი მხვდება თვალში. ძალიან გემოვნებით აცვია, Celine, Prada, Dior. თავისი სტილი აქვს და საოცარი პარფიუმის შლეიფი დაჰყვება - მომწონს, მოკლედ! ჰოდა, ისე მოხდა, რომ იმ დღეს, ერთმანეთს დავემთხვიეთ. უცებ, ვხედავ, მისი ბავშვი გარბის დედისკენ და ეხუტება და ეკითხება:

- დე, იცი რა მაინტერესებს... აი, აუზში, ბავშვები ლაპარაკობდნენ "კარაბას-ბარაბასზე", მე ვერ გავიგე რაზე ყვებოდნენ და ვინ არის?

და ამ დროს, "ანა ვირტუ" შვილს პასუხობს:

- "კარაბას-ბარაბასი" არის ჯადოსნური სიტყვები, როცა რაიმე სურვილის ასრულება გინდა, ამბობ ამ სიტყვებს და ნატვრა გისრულდება!

მერე მე ჩუმი ისტერიკა დამემართა, ერთიანად დამემსხვრა "დიორები", "პრადები"და რაღაც მიწისძვრასა და წყალდიდობას შორის არსებული გრძნობა დამეუფლა. გონზე რომ მოვედი, ვხედავ ჩემი შვილი სველი დგას ჩემს წინ და მაისურზე მქაჩავს - დედა, გავიყინე! ულაპარაკოდ ჩავაცვი ბავშვს და გამოვედით პარკინგზე. "კარაბას-ბარაბასი" ძალიან ბედნიერი ჩაჯდა პორშეში და ისიც ჩემსავით "პატარა დუბაის" ქუჩას აუყვა. სავარაუდოდ, კოლონკელიძის მსგავსი გალავნის მქონე სახლში ცხოვრობს თუმცა, სადაც "პინოქიოს თავგადასავალზე" არც კი სმენია, კვეტარის ერისთავის შესახებ ძალიან მეეჭვება რამე გაეგო. ამიტომ, დავტოვებ სადაც არის, მხოლოდ წარმატება მინდა ვუსურვო და სახლის ეზოში კიდევ ბევრი მძიმე სკულპტურა.



2,017 views0 comments

Recent Posts

See All

32 +

コメント


bottom of page