სულ რომ არ გჯეროდეს, დაიჯერებ...
სულ რომ უარყოფდე, იწამებ!
მთელ ქალაქს შლეიფივით დაყვება ზღვის იოდნარევი არომატი.
ძველია.
შენობებითაც მიხვდები, რომ უდიდესი ისტორიის მატარებელია. ალაგ-ალაგ შეპარული აქვს არქიტექტურის თანამედროვე შტრიხები, თუმცა, ასე მგონია, რომ ეს ქალაქი მოხუცი ქალია და ჩემს ბებიას ჰგავს. ლამაზი, მაღალი, მრავალნაოჭიანი შუბლი აქვს და ჭაღარა, უკან გადავარცხნილი თმა. უსასრულო სიღრმისა და შინაარსის მქონე მზერა და ძარღვიანი, მთელი ცხოვრება ხალხის სამსახურში გალეული ხელის მტევნები, ლამაზი თითებით.
ზის და მიყურებს, ყველას უყურებს ვინც მისი სახლის ზღურბლს გადმოაბიჯებს.
ხმას არ იღებს, უბრალოდ აკვირდება მომსვლელ ხალხს და თავისთვის ფიქრობს.
საფიქრალი ბევრზე-ბევრი აქვს. განცდილიც. ეს ის შემთხვევაა, როცა ვერ ვაკონკრეტებ, უფრო მეტი ნანახი აქვს, თუ განცდილი. ალბათ, გრძნობები უფრო ჭარბობს მასში. ასე იყო ყოველთვის. მისი ემოცია სულის გამკაწრავი უფრო იყო, ვიდრე მხოლოდ თვალებიდან გადმოღვრილი მარილიანი სითხის გამოშვებით თქმული სევდა.
ახსენდება უთვალავი და ულევი ამბავი. ის კი მაინც მშვიდად ზის და უყურებს ჰორიზონტს, თბილ ზღვაში მწიფე ბროწეულისფრად მზის ჩასვენებას...
ქვიშისფერია ირგვლივ ყველაფერი. აქა-იქ მოჩანს ბნელი უბნები, არაბთა დასახლებები. ღამის წყვდიანში განათებული ქალაქის ფონზე ეს უბნები განსაკუთრებით ოდიოზურია. ქალაქის ამ ნაწილს სარტყელივით აკრავს ქვით აგებული გალავანი.
ჩემმა მეგობარმა გიგამ მითხრა, რომ ეს დედამიწის ის წერტილია, რომელიც ყველაზე მოკლე მანძილითაა დაშორებული ღმერთთან და მე ეს დავიჯერე.
ჯერ კიდევ შორიდან გრძობ ამ ვიბრაციას, წარმოუდგენელ მიზიდულობასა და მისტიკას.
მერე, უახლოვდები.
უახლოვდები ისე, როგორც ახალდაბადებული ჩვილის ლოგინს, სადაც ბავშვს სძინავს.
ფეხაკრეფით.
მოკრძალებულად.
ფრთხილად.
უახლოვდები და ტვინში მილიარდი ფიქრო მოგდის.
ფიქრი და ემოცია.
არა, პირველი, მაინც - ემოციაა!
მერე მკერდის სიმაღლეზე წევ მარჯვენა ხელს და გინდა, რომ ეს წარმოუდგენელი და საოცნებო შეხების წამი მთელი შეგნებით დაიმახსოვრო.
კედელი ნოტიოა და თბილი.
იმდენად თბილი, რომ გაოცებას ვერ მალავ.
მერე ხუჭავ თვალს და გულში რაც კი გიოცნებია, ჩაგითქვამს და გინატრია, მარჯვენა ხელისგულით გინდა გადასცე ამ ნოტიო ქვის უსწორმასწორო რელიეფს, რომელსაც უმოკლესი მანძილი აშორებს უფალთან.
დიდხანს ვიდექი თვალდახუჭული, მერე გავახილე თვალი და ცას ავხედე. ნოემბრისთვის უჩვეულო სითბო იყო იერუსალიმში და ცა მუქ მელნისფრად იღებებოდა.
ყველაზე გასაოცარი მაინც იმისი გაგება იყო, რომ იერუსალიმის მეორე ტაძრის კედლები ისე აღმართეს, რომ არც ცემენტი გამოუყენებიათ და არც რაიმე წებოს მსგავსი სითხე. ვეებერთელა ქვების სწორედ ასეთი დალაგების პრინციპით იყო აშენებული ის თვალუწვდენელი სალოცავი, რომლისგანაც, უფალთან მისაახლოვებლად, მხოლოდ დასავლეთის მხარეღა დარჩა. ამ ადგილს თავისი მისტიკა აქვს. ეს ენერგია ძალიან ჩუმია და არომატივით თავბრუდამხვევი. ცხვირის ნესტოდან - ტვინის ყველა რეცეპტორამდე აღწევს და წარმოუადგენლად გათრობს.
ეს საოცარი კედელი მსოფლიოში არსებულ არც ერთ სხვა შენობას, ან მის ნანგრევს არ ჰგავს.
ეს ის ადგილია, სადაც,
სულ რომ არ გჯეროდეს, დაიჯერებ...
სულ რომ უარყოფდე, იწამებ!
წვრილად დაკეცილი ჩემი სურვილები უშველებელი ლოდის ნაპრალს დავუმიზნე და მჭიდროდ შევაცურე. მერე კიდევ ძალიან დიდხანს ვიმახსოვრე მარჯვენა ხელისგულით ამ სასწაულმოქმედი ქვების ერთობლიობის რელიეფი. ბოლოს შუბლით შევეხე კედელს და ყურში წავჩურჩულე ჩემი ყველაზე სანუკვარი სურვილები.
იერუსალიმის ეს წერტილი ნამდვილად არის დედამიწის ცენტრი. აქედან - ღმერთამდე მანძილი გამქრალია.
ის კი ზის და ჭკვიანი თვალებით გისმენს, დანაოჭებულ შუბლს პერიოდულად მიმიკურად ამოძრავებს და გიღიმის.
და როცა ამ კედელს საფეთქლით შევეხე, ვიგრძენი, ღმერთმა შუბლზე როგორ მაკოცა.